ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სწრაფი რეაგირებისა და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმია შემაკავებელი ორდერი.
შემაკავებელი ორდერი დროებითი ხასიათის აქტია, თუმცა მისი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა. ორდერით გათვალისწინებული აკრძალვის ან ვალდებულების დარღვევა შესაძლოა გახდეს პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, მაშინაც კი, როდესაც დარღვევას ძალადობა ან სხვა დამატებითი შედეგი არ მოჰყოლია.
რა არის შემაკავებელი ორდერი?
შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის შემთხვევაში განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და იზღუდება სავარაუდო მოძალადის გარკვეული მოქმედებები.
ორდერის მიზანია შესაძლო ძალადობის განმეორების თავიდან აცილება და მსხვერპლის უსაფრთხოების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა. მისი გამოცემა არ ნიშნავს პირის დამნაშავედ ცნობას და არ ანაცვლებს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს განაჩენს. ამასთანავე, ორდერი მისი მოქმედების განმავლობაში შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივი აქტია.
შემაკავებელი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:
- მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან გარიდებას, მიუხედავად იმისა, ვის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი;
- მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისგან განცალკევებას;
- მოძალადისთვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის აკრძალვას;
- მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევებას;
- მსხვერპლთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და სხვა ადგილებთან მიახლოების აკრძალვას;
- მსხვერპლთან ტელეფონით, სოციალური ქსელით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მესამე პირის მეშვეობით კომუნიკაციის აკრძალვას;
- მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებას;
- იარაღის ტარების, შენახვის, გამოყენების ან შეძენის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას;
- სხვა ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოების დასაცავად.
შემაკავებელ ორდერში შეიძლება მიეთითოს ერთი, რამდენიმე ან ყველა შესაბამისი შეზღუდვა. შესაბამისად, კონკრეტული პირის ვალდებულებები ყოველთვის თავად მის მიმართ გამოცემული ორდერის შინაარსით უნდა განისაზღვროს.
შემაკავებელი ორდერის სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საქართველოს კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.
ვინ გამოსცემს შემაკავებელ ორდერს?
შემაკავებელ ორდერს გამოსცემს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი.
ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ შეტყობინების მიღებისას პოლიციის თანამშრომელი აფასებს ძალადობის განმეორების რისკს სპეციალური კითხვარისა და საქმის კონკრეტული გარემოებების საფუძველზე. შეფასების შედეგად მიიღება გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გამოცემის ან მის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.
კანონით განსაზღვრული ზოგიერთი დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყების ან მიმდინარეობის შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა.
თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შესაძლოა დაირღვეს ადამიანის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით, იძულებით ან უგულებელყოფით, პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოცემა საკუთარი ინიციატივითაც შეუძლია.
შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გადაეცეს ან ჩაჰბარდეს მსხვერპლსა და მოძალადეს.
შემაკავებელი ორდერის ხელმოწერაზე მოძალადის ან/და მსხვერპლის უარი მის ამოქმედებას არ აბრკოლებს. ასეთ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი ორდერში მიუთითებს ხელმოწერაზე უარის თქმის ან ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზს.
რა ვადით გამოიცემა შემაკავებელი ორდერი?
შემაკავებელი ორდერი გამოიცემა არაუმეტეს ერთი თვის ვადით. კონკრეტული მოქმედების ვადა მიეთითება თავად ორდერში.
ორდერით გათვალისწინებული თითოეული აკრძალვა და ვალდებულება შესასრულებლად სავალდებულოა მისი ამოქმედებიდან მოქმედების ვადის დასრულებამდე, სასამართლოს მიერ გაუქმებამდე ან კანონით დადგენილი წესით მისი მოქმედების შეწყვეტამდე.
მხარეთა შერიგება ორდერს ავტომატურად არ აუქმებს. თუ მსხვერპლი და მოძალადე შერიგდნენ, ორდერის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის შესაბამისი გადაწყვეტილებით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის საფრთხე აღარ არსებობს.
შესაბამისად მსხვერპლის თანხმობა, მოძალადესთან შეხვედრა ან შერიგება მოძალადეს თავისთავად არ აძლევს ორდერით აკრძალული მოქმედების განხორციელების უფლებას. ვიდრე ორდერი ოფიციალურად არ გაუქმებულა ან მისი მოქმედების ვადა არ გასულა, მისი პირობები სრულად უნდა შესრულდეს.
როგორ ხდება შემაკავებელი ორდერის გასაჩივრება?
შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების უფლება აქვს როგორც მსხვერპლს, ისე პირს, რომლის მიმართაც ორდერი გამოიცა.
ორდერი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გადაცემიდან ან ჩაბარებიდან სამი დღის ვადაში. სარჩელი წარედგინება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის პირველი ინსტანციის სასამართლოს.
სარჩელი წერილობით უნდა მომზადდეს და მასში უნდა მიეთითოს:
- მოსარჩელის სახელი, გვარი და საცხოვრებელი მისამართი;
- საქმის ფაქტობრივი გარემოებები;
- ინფორმაცია მსხვერპლის, მოძალადისა და მათი ურთიერთობის შესახებ;
- მტკიცებულებათა ჩამონათვალი;
- შემაკავებელი ორდერის სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის მოთხოვნა;
- მოსარჩელის ხელმოწერა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სარჩელს მისი წარდგენიდან სამი დღის ვადაში განიხილავს. სასამართლოს შეუძლია ორდერი სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს ან მის გაუქმებაზე უარი თქვას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარებიდან სამი დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლო საჩივარს შვიდი დღის ვადაში განიხილავს. მისი გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შემაკავებელი ორდერის სასამართლოში გასაჩივრება, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება, ორდერის მოქმედებას არ აჩერებს. შესაბამისად, დავის დასრულებამდე პირი კვლავ ვალდებულია დაიცვას ორდერში მითითებული ყველა პირობა.
გასაჩივრების დეტალური წესი განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21¹⁴ მუხლით.
რა პირობებში იწვევს ორდერის დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას?
შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ავტომატურად მხოლოდ ორდერის არსებობის საფუძველზე არ დგება. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი გარემოებები.
1. ორდერი გამოცემული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ
უნდა არსებობდეს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომელშიც განსაზღვრულია კონკრეტული აკრძალვები და ვალდებულებები.
2. ორდერი დარღვევის დროს ძალაში უნდა იყოს
სადავო მოქმედება ჩადენილი უნდა იყოს ორდერის მოქმედების პერიოდში. ორდერის ვადის გასვლის ან მისი კანონით დადგენილი წესით გაუქმების შემდეგ ჩადენილი მოქმედება ამ ორდერის დარღვევად ვერ შეფასდება.
3. დარღვეული უნდა იყოს ორდერში კონკრეტულად მითითებული პირობა
პასუხისმგებლობისათვის აუცილებელია დადგინდეს, კონკრეტულად რომელი აკრძალვა ან ვალდებულება დაარღვია პირმა.
მაგალითად, დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს:
- მსხვერპლთან მიახლოება;
- მის საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილას მისვლა;
- სატელეფონო ზარის განხორციელება;
- მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა;
- სოციალური ქსელით დაკავშირება;
- მესამე პირის მეშვეობით კომუნიკაცია;
- მსხვერპლის საცხოვრებელ სახლში დაბრუნება;
- იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვის დარღვევა;
- ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება.
ამასთანავე, ქმედება დანაშაულად მხოლოდ მაშინ შეიძლება შეფასდეს, თუ შესაბამისი მოქმედება კონკრეტული ორდერით ნამდვილად იყო აკრძალული.
4. პირს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ორდერისა და მისი პირობების შესახებ
პასუხისმგებლობისათვის არსებითია დადასტურდეს, რომ პირმა იცოდა მის მიმართ გამოცემული ორდერისა და დაწესებული შეზღუდვების შესახებ.
ორდერის პირადად ჩაბარება და მასზე ხელმოწერა ამის ყველაზე პირდაპირი მტკიცებულებაა, თუმცა პირადი ჩაუბარებლობა პასუხისმგებლობას ყველა შემთხვევაში არ გამორიცხავს. თუ სხვა მტკიცებულებებით დადასტურდება, რომ პირმა იცოდა ორდერის გამოცემისა და მისი კონკრეტული პირობების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ჩაჰბარებია შემაკავებელი ორდერი, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მაინც დადგეს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ ორდერის პირადად ჩაუბარებლობა პასუხისმგებლობას არ გამორიცხავდა, რადგან მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულისთვის ცნობილი იყო როგორც ორდერის გამოცემა, ისე დაწესებული აკრძალვები და მათი დარღვევის სამართლებრივი შედეგები (საქმე №860აპ-25).
მეორე მხრივ, თუ პირისთვის ორდერის შინაარსი ცნობილი არ ყოფილა და მისი ინფორმირებულობა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, შესაძლოა ვერ დამტკიცდეს დანაშაულის სუბიექტური მხარე.
5. ქმედება ბრალეულად უნდა იყოს ჩადენილი
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოითხოვს ბრალის არსებობას. მხოლოდ ორდერით აკრძალულ ადგილას პირის აღმოჩენა ან სხვა ობიექტური გარემოება ყოველთვის საკმარისი არ არის.
უნდა დადგინდეს, რომ პირი აცნობიერებდა ორდერით დაკისრებულ შეზღუდვას და შეგნებულად არ ასრულებდა მას. თუ კონკრეტული გარემოებების გამო პირს საკუთარი ქმედების გაცნობიერება ან მართვა არ შეეძლო, პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი ბრალი შეიძლება არ არსებობდეს.
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში გამამართლებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში საქმეზე, რომელშიც დადასტურდა, რომ ორდერის დარღვევის დროს პირი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და ბრალდებამ მისი ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა (საქმე №92აპ-24).
6. დარღვევას დამატებითი ზიანის გამოწვევა არ სჭირდება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381¹ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დასრულებულად ითვლება ორდერის მოთხოვნის ან ვალდებულების შეუსრულებლობის მომენტიდან.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი არ არის, რომ დარღვევას ახალი ძალადობა, ჯანმრთელობის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვეს. მაგალითად, თუ ორდერით აკრძალულია მსხვერპლთან ნებისმიერი კომუნიკაცია, შეგნებულად განხორციელებული სატელეფონო ზარი ან შეტყობინებაც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს პასუხისმგებლობისათვის.
რა სასჯელია გათვალისწინებული შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის?
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381¹ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ისჯება:
- ჯარიმით;
- საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 180-დან 240 საათამდე;
- ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.
სასამართლოს შეუძლია დამატებით გამოიყენოს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვაც.
თუ იგივე ქმედება ჩადენილია არაერთგზის, სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან მის გარეშე.
„არაერთგზის“ ჩადენა არ გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, რომ პირი მსხვერპლს რამდენჯერმე უკავშირდება. სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი წესის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული გულისხმობს იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას იმ პირის მიერ, რომელიც ამავე დანაშაულისთვის უკვე ნასამართლევია და ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს.
თუ ორდერის დარღვევისას პირი დამატებით ჩაიდენს ძალადობას, მუქარას, დევნას, ჯანმრთელობის დაზიანებას ან სხვა დანაშაულს, პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ორდერის დარღვევისათვის, ისე დამატებით ჩადენილი შესაბამისი დანაშაულისთვის.
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის შემთხვევაში პირის ქმედება კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹, 381¹-ე მუხლებით.
დასკვნა
შემაკავებელი ორდერი გამოცემისთანავე ამოქმედებული და შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივი აქტია. მისი გასაჩივრება ორდერის მოქმედებას არ აჩერებს, ხოლო მხარეთა შერიგება ან მსხვერპლის თანხმობა დაწესებულ აკრძალვებს ავტომატურად არ აუქმებს.
ორდერის დარღვევისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად უნდა დადასტურდეს, რომ:
- არსებობდა უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული მოქმედი ორდერი;
- ორდერი შეიცავდა კონკრეტულ აკრძალვას ან ვალდებულებას;
- პირმა სწორედ ეს პირობა დაარღვია ორდერის მოქმედების პერიოდში;
- მისთვის ცნობილი იყო ორდერის არსებობა და შესაბამისი შეზღუდვა;
- ქმედება ბრალეულად იყო ჩადენილი;
- აღნიშნული გარემოებები დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით.
შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებულ საქმეში მნიშვნელოვანია როგორც ორდერის შინაარსის, გამოცემისა და ჩაბარების პროცედურის, ისე სავარაუდო დარღვევის თითოეული გარემოების ინდივიდუალური სამართლებრივი შეფასება. დროული სამართლებრივი დახმარება აუცილებელია როგორც ორდერით დაცული პირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისე იმ პირის უფლებების დასაცავად, რომლის მიმართაც ორდერი გამოიცა ან სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.