მოწმის ჩვენებას სისხლის სამართლის საქმეზე ხშირად მნიშვნელოვანი, ზოგჯერ კი გადამწყვეტი მტკიცებულებითი ძალა აქვს. სწორედ ამიტომ კანონმდებლობა მოწმეს ავალდებულებს, გამოძიებასა და სასამართლოს მიაწოდოს მისთვის ცნობილი სწორი ინფორმაცია.
მოწმის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებამ შეიძლება ხელი შეუშალოს საქმის ობიექტურ გამოძიებას, უდანაშაულო პირის გამართლებას ან დამნაშავე პირის პასუხისმგებლობის საკითხის სწორად გადაწყვეტას. ამიტომ განზრახ ცრუ ინფორმაციის მიწოდება ან ცრუ ჩვენების მიცემა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულად არის გამოცხადებული.
ამასთანავე, ჩვენებებს შორის არსებული ნებისმიერი განსხვავება, უზუსტობა ან წინააღმდეგობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მოწმემ დანაშაული ჩაიდინა. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის უნდა დადასტურდეს როგორც ინფორმაციის ობიექტური სიცრუე, ისე მოწმის განზრახვა.
რა არის ცრუ ჩვენება?
ცრუ ჩვენება არის მოწმის მიერ გამოძიებისთვის ან სასამართლოსთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება და რომლის მცდარობაც თავად მოწმემ იცის.
ცრუ ჩვენება შეიძლება გამოიხატოს:
- სინამდვილეში არარსებული ფაქტის მოგონებასა და დადასტურებაში;
- რეალურად მომხდარი გარემოების შეგნებულად უარყოფაში;
- ფაქტის განზრახ დამახინჯებაში;
- მოვლენის მონაწილე პირის შეცვლაში;
- დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის შეგნებულად დამალვაში ან სხვა პირის დასახელებაში;
- დანაშაულის დროის, ადგილის, ხერხის ან სხვა მნიშვნელოვანი გარემოების განზრახ შეცვლაში;
- ფაქტობრივი გარემოებების მხოლოდ იმ ნაწილის გადმოცემაში, რომელიც მთლიან სურათს განზრახ მცდარად წარმოაჩენს.
ცრუ ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს საქმისთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხს: დანაშაულის ფაქტს, ბრალდებულის პიროვნებას, მის მიერ განხორციელებულ მოქმედებას, დაზარალებულს, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ურთიერთობას, დანაშაულის მოტივს, გამოყენებულ იარაღს, მიყენებულ ზიანს ან სხვა გარემოებას.
თუმცა მოსაზრება, ვარაუდი ან ფაქტის სუბიექტური შეფასება ცრუ ჩვენებად მხოლოდ იმიტომ ვერ ჩაითვლება, რომ იგი სხვა პირის მოსაზრებას ან საქმის საბოლოო შეფასებას არ ემთხვევა. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანი, უპირველესად, შეგნებულად არასწორად გადმოცემული ფაქტობრივი ინფორმაციაა.
ცრუ ინფორმაცია და ცრუ ჩვენება
სისხლის სამართლის პროცესში ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ გამოძიების ეტაპზე პირის გამოკითხვა და მოწმის სასამართლოში დაკითხვა.
გამოძიების დროს მხარეს შეუძლია ნებაყოფლობით გამოკითხოს ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლოა საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს.
გამოკითხვაზე თანხმობა ნებაყოფლობითია. პირი უფლებამოსილია უარი თქვას გამოკითხვაზე, თუმცა, თუ იგი ინფორმაციის მიწოდებას დათანხმდება, ვალდებულია გამოძიებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. გამოკითხვის დაწყებამდე მას წერილობით უნდა განემარტოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
გამოძიების სტადიაზე პირი შეიძლება მოწმის სახით დაიკითხოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშეც, კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას. სასამართლოში მოწმე ჩვენებას ფიცის დადების ან ფიცის შემცვლელი დადასტურების შემდეგ აძლევს. მანამდე სასამართლო ვალდებულია განუმარტოს ცრუ ჩვენების მიცემისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლი მოიცავს როგორც გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებას, ისე მაგისტრატი მოსამართლის ან საქმის განმხილველი სასამართლოს წინაშე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემას.
გამოკითხვისა და მოწმის დაკითხვის წესები განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 48-ე, 49-ე, 113-ე და 114-ე მუხლებით.
რა შემთხვევაში დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა?
მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად რამდენიმე აუცილებელი გარემოება უნდა დადასტურდეს.
1. ინფორმაცია მიწოდებული უნდა იყოს გამოძიების ან სასამართლო განხილვის ფარგლებში
პირის მიერ კერძო საუბარში, სოციალურ ქსელში ან საჯაროდ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია თავისთავად ცრუ ჩვენებას არ წარმოადგენს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლისათვის აუცილებელია, რომ ინფორმაცია მიწოდებული იყოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ან სასამართლოში, შესაბამისი საპროცესო სტატუსით — გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ.
2. მიწოდებული ინფორმაცია ობიექტურად მცდარი უნდა იყოს
პასუხისმგებლობის დასაკისრებლად უნდა დადგინდეს, სინამდვილეში რა მოხდა და კონკრეტულად რომელ ნაწილში ეწინააღმდეგება მოწმის მონათხრობი რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს.
მხოლოდ ის გარემოება, რომ მოწმის ჩვენება ბრალდების ვერსიას, სხვა მოწმის ჩვენებას ან რომელიმე მტკიცებულებას არ ემთხვევა, მისი სიცრუის დასადგენად საკმარისი არ არის.
ინფორმაციის მცდარობა უნდა დასტურდებოდეს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობით და არა ვარაუდით ან მხოლოდ ერთი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებით.
3. ცრუ ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას უნდა ეხებოდეს
ცრუ ჩვენება უნდა უკავშირდებოდეს ისეთ ფაქტს, რომელსაც საქმის გამოძიების, მტკიცებულებათა შეფასების ან მართლმსაჯულების განხორციელებისათვის მნიშვნელობა აქვს.
უმნიშვნელო უზუსტობა, რომელიც გამოწვეულია დროის გასვლით, მეხსიერების თავისებურებით ან მოვლენის არასრულყოფილად აღქმით და საქმეზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს და ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის საკმარისი საფუძველი არ არის.
ამასთანავე, ცრუ ინფორმაცია აუცილებელი არ არის მხოლოდ დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობას ან უშუალოდ დანაშაულის ფაქტს ეხებოდეს. იგი შეიძლება შეეხებოდეს საქმისთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ სხვა გარემოებასაც.
4. მოწმე უნდა მოქმედებდეს პირდაპირი განზრახვით
ცრუ ჩვენების მიცემა განზრახი დანაშაულია. პასუხისმგებლობისათვის უნდა დადასტურდეს, რომ:
- მოწმემ იცოდა ფაქტობრივი სიმართლე;
- აცნობიერებდა, რომ გამოძიებას ან სასამართლოს არასწორ ინფორმაციას აწვდიდა;
- და შეგნებულად გადაწყვიტა ამ ინფორმაციის მიწოდება.
თუ მოწმე კეთილსინდისიერად ცდება, ფაქტი არასწორად დაამახსოვრდა, მოვლენა არასრულყოფილად აღიქვა, დროის გასვლის გამო დეტალები დაავიწყდა ან დარწმუნებულია, რომ მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია სწორია, მის ქმედებაში პირდაპირი განზრახვა არ არსებობს.
შესაბამისად, ობიექტურად მცდარი ინფორმაცია ყოველთვის არ არის სისხლისსამართლებრივი მნიშვნელობის ცრუ ჩვენება. აუცილებელია დადასტურდეს, რომ პირმა ინფორმაციის სიცრუე იცოდა.
5. მოწმისთვის განმარტებული უნდა იყოს მისი უფლებები და მოსალოდნელი პასუხისმგებლობა
გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და ცრუ დასმენისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.
სასამართლოში მოწმის დაკითხვამდე მოსამართლე მას განუმარტავს ცრუ ჩვენების მიცემისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მოწმე დებს ფიცს ან ახორციელებს ფიცის შემცვლელ დადასტურებას.
პირის სათანადო გაფრთხილება და შესაბამის დოკუმენტზე მისი ხელმოწერა მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა იმის დასადგენად, აცნობიერებდა თუ არა იგი სიმართლის თქმის ვალდებულებასა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების სამართლებრივ შედეგებს.
6. ბრალდების მხარემ ყველა გარემოება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დაამტკიცოს
ცრუ ჩვენების საქმეზე ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს არა მხოლოდ ის, რომ მოწმის მონათხრობი სხვა მტკიცებულებებს ეწინააღმდეგება, არამედ ისიც, თუ რომელი ინფორმაცია იყო მცდარი, რატომ იყო მცდარი და საიდან გამომდინარეობს, რომ მოწმემ ამის შესახებ იცოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლი პასუხისმგებლობას არ აწესებს თავისთავად წინააღმდეგობრივი ჩვენებებისათვის. პასუხისმგებლობა დგება განზრახ ცრუ ჩვენებისათვის. ამიტომ ჩვენების შეცვლა ან სხვადასხვა დროს მიწოდებულ ინფორმაციას შორის წინააღმდეგობა შეიძლება გახდეს გამოძიების დაწყების ან დამატებითი შემოწმების საფუძველი, მაგრამ იგი პირის დამნაშავედ ცნობისათვის დამოუკიდებლად საკმარისი არ არის (საქმე №1296აპ-24).
აქვს თუ არა მოწმეს დუმილის უფლება?
მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ისეთი ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. გამოძიების ეტაპზე პირის გამოკითხვაც ნებაყოფლობითია და მას შეუძლია გამოკითხვაზე უარის თქმა.
თუმცა დუმილის ან ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის უფლება არ გულისხმობს ცრუ ინფორმაციის მიწოდების უფლებას.
თუ პირს აქვს კანონით გათვალისწინებული საფუძველი, შეუძლია უარი თქვას კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემაზე, მაგრამ არ უნდა გასცეს შეგნებულად არასწორი პასუხი. კანონით დაშვებული დუმილი და განზრახ სიცრუე ერთმანეთისგან განსხვავებული სამართლებრივი ქმედებებია.
მხოლოდ ჩვენების შეცვლა ნიშნავს თუ არა ცრუ ჩვენებას?
არა. გამოძიებისა და სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას შორის წინააღმდეგობა ავტომატურად არ ადასტურებს ცრუ ჩვენებას.
შესაძლებელია მოწმე:
- მოგვიანებით უკეთ იხსენებდეს კონკრეტულ გარემოებას;
- წინა გამოკითხვისას კითხვა არასწორად გაიგო;
- პირველად არასრულად გადმოსცა ფაქტები;
- მოვლენა განსხვავებულად აღიქვა;
- ემოციური ან ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო დეტალები არაზუსტად აღწერა;
- წინა ოქმში ინფორმაცია არასწორად ან არასრულად დაფიქსირდა.
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ორივე მონათხრობის, გამოკითხვის პირობების, ოქმების, აუდიო-ვიდეოჩანაწერებისა და სხვა მტკიცებულებების ერთობლივად შეფასება.
პასუხისმგებლობისათვის უნდა დადგინდეს არა მხოლოდ ის, რომ ორი ჩვენება განსხვავდება, არამედ რომელია მცდარი და იცოდა თუ არა პირმა მისი მცდარობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მომენტში.
აქვს თუ არა მნიშვნელობა სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარ შედეგს?
ცრუ ჩვენების დანაშაულის არსებობისათვის ძირითად სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარ საბოლოო შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა. იგი დასრულებულად ითვლება გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ან სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემის მომენტიდან.
ამიტომ პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი არ არის, რომ ცრუ ჩვენებამ:
- ბრალდებულის გამართლება გამოიწვიოს;
- უდანაშაულო პირის მსჯავრდება განაპირობოს;
- გამოძიება არასწორი მიმართულებით წაიყვანოს;
- სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე რეალური გავლენა მოახდინოს;
- ან მართლმსაჯულებისთვის სხვა კონკრეტული ზიანი გამოიწვიოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მნიშვნელობა არ აქვს, ძირითად საქმეზე საბოლოოდ გამამართლებელი განაჩენი დადგა თუ გამამტყუნებელი. გადამწყვეტია, იყო თუ არა მოწმის ან დაზარალებულის მონათხრობი განზრახ მცდარი.
აღნიშნული მიდგომა კიდევ ერთხელ განიმარტა უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 4 დეკემბრის განაჩენში. სასამართლომ მიუთითა, რომ ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტის შეფასებისას მნიშვნელობა არ აქვს, რა შედეგი მოჰყვა მას, რადგან დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა (საქმე №742აპ-25).
ნიშნავს თუ არა ბრალდებულის გამართლება, რომ მოწმემ იცრუა?
არა. ძირითად საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანა თავისთავად არ ნიშნავს, რომ დაზარალებულმა ან ბრალდების მოწმემ ცრუ ჩვენება მისცა.
გამამართლებელი განაჩენი შეიძლება დადგეს მათ შორის, შემდეგი საფუძველბით:
- ბრალდების მტკიცებულებები არასაკმარისია;
- არსებობს დაუძლეველი ეჭვი;
- მტკიცებულება დაუშვებლად იქნა ცნობილი;
- ვერ დადასტურდა დანაშაულის რომელიმე აუცილებელი ნიშანი;
- ან ბრალდებამ ვერ უზრუნველყო მტკიცების კანონით დადგენილი სტანდარტი.
სასამართლოს მიერ მოწმის ჩვენების გაუზიარებლობაც არ არის ავტომატურად მისი სიცრუის დამადასტურებელი. ცრუ ჩვენების საქმეზე დამოუკიდებლად უნდა დამტკიცდეს როგორც ინფორმაციის ობიექტური მცდარობა, ისე მოწმის პირდაპირი განზრახვა.
ნიშნავს თუ არა გამამტყუნებელი განაჩენი, რომ საპირისპირო ჩვენების მიმცემი მოწმე დამნაშავეა?
არც გამამტყუნებელი განაჩენი ქმნის ავტომატურ საფუძველს ყველა საწინააღმდეგო ჩვენების მიმცემი მოწმის პასუხისმგებლობისათვის.
ძირითად საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი დატვირთვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასამართლომ დეტალურად შეაფასა მოწმის ჩვენების სანდოობა. თუმცა ცრუ ჩვენების საქმეზე მაინც ცალკე უნდა დადგინდეს:
- კონკრეტულად რომელი ინფორმაცია იყო მცდარი;
- იცოდა თუ არა მოწმემ სიმართლე;
- მოქმედებდა თუ არა იგი პირდაპირი განზრახვით;
- და დასტურდება თუ არა ეს გარემოებები გონივრულ ეჭვს მიღმა.
რა სასჯელია გათვალისწინებული ცრუ ჩვენებისათვის?
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხ წლამდე.
თუ იგივე ქმედება ჩადენილია ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ორიდან ექვს წლამდე.
თუ ცრუ ინფორმაცია ან ჩვენება მიცემულია სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან შვიდ წლამდე.
ამ შემთხვევაში მაკვალიფიცირებელი ნიშნისთვის მნიშვნელოვანია, რა კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში ჰქონდა პირს ბრალი წარდგენილი იმ საქმეზე, რომელშიც ცრუ ინფორმაცია იქნა მიწოდებული. აუცილებელი არ არის, რომ ძირითად საქმეზე იგი საბოლოოდ სწორედ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის იქნეს მსჯავრდებული.
სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ან მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების არაერთგზის ჩადენა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან რვა წლამდე.
ცრუ ჩვენება და ცრუ დასმენა
ცრუ ჩვენება უნდა განვასხვაოთ ცრუ დასმენისგან.
ცრუ დასმენისას პირი შესაბამის ორგანოს შეგნებულად აწვდის არასწორ ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შესახებ, მაგალითად, ცრუ ბრალდებით კონკრეტულ პირს დანაშაულის ჩადენას აბრალებს. ასეთი ქმედებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით.
ცრუ ჩვენებისას კი პირი უკვე მიმდინარე გამოძიების ან სასამართლო განხილვის ფარგლებში, გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის სტატუსით აწვდის მართლმსაჯულებას განზრახ მცდარ ინფორმაციას.
კონკრეტულ შემთხვევაში ამ ორი დანაშაულის გამიჯვნა დამოკიდებულია ინფორმაციის შინაარსზე, მისი მიწოდების ეტაპზე, პირის საპროცესო სტატუსსა და განზრახვაზე.
დასკვნა
მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად უნდა დადასტურდეს, რომ:
- ინფორმაცია მიწოდებული იყო გამოძიების ან სასამართლო განხილვის ფარგლებში;
- მოწმე სათანადო წესით იყო გაფრთხილებული სიმართლის თქმის ვალდებულებისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ;
- მის მიერ მიწოდებული კონკრეტული ინფორმაცია ობიექტურად არ შეესაბამებოდა სინამდვილეს;
- ინფორმაცია ეხებოდა საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას;
- მოწმემ იცოდა ინფორმაციის მცდარობის შესახებ და მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით;
- აღნიშნული გარემოებები დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით.
ძირითად სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი შედეგი — პირის გამართლება, დამნაშავედ ცნობა, ბრალდების შეცვლა ან საქმის შეწყვეტა — თავისთავად არც ადასტურებს და არც გამორიცხავს ცრუ ჩვენების მიცემას. გადამწყვეტია არა ძირითადი საქმის საბოლოო შედეგი, არამედ ის, მიაწოდა თუ არა მოწმემ გამოძიებას ან სასამართლოს მისთვის ცნობილი სიმართლის საწინააღმდეგო ინფორმაცია განზრახ.