პროკურატურამ ბრალი წარმიდგინა მუქარის ფაქტზე, იმავე ადამიანის მიმართ, რომლისთვისაც ერთხელ უკვე ვიყავი ნასამართლევი. „დაზარალებულს“ ჰყავდა ცრუ მოწმეები და თითქოს ერთი შეხედვით აუცილებლად ჩემი დამნაშავედ ცნობა უნდა მომხდარიყო. თუმცა ავთანდილ გიორგაძემ პროკურატურის პარალელურად, ფაქტობრივად ახალი გამოძიება ჩაატარა და სასამართლოს დაუმტკიცა, რომ დაზარალებულიც და მის მიერ წარმოდგენილი მოწმეებიც იყვნენ დაინტერესებული პირები, მათ ჰქონდათ სამოქალაქო დავა ჩემთან და ჩემს წინააღმდეგ აძლევდნენ ცრუ ჩვენებებს. ავთანდილ გიორგაძემ არამარტო ისინი ამხილა ცრუ ჩვენების მიცემაში, არამედ მოიძია და სასამართლოს წინაშე დაკითხა ნეიტრალური მოწმეები, რომლებიც აღწერდნენ რეალურად განვითარებულ მოვლენებს. სწორედ მისი ძალისხმევით მცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა შკუბულიანმა სრულად უდანაშაულოდ და გამათავისუფლა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.