აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება გულისხმობს შემთხვევას, როდესაც პირი რეალური მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისას თავს ან სხვას იცავს, მაგრამ თავდაცვის დასაშვებ ზღვარს სცდება. თავდამსხმელის მძიმე დაზიანება ან სიკვდილი თავისთავად არ ადასტურებს, რომ მომგერიებელმა ამ ზღვარს გადააცილა. ქმედების სამართლებრივი შეფასება დამოკიდებულია იმაზე, რა საფრთხე არსებობდა ძალის გამოყენების მომენტში, რისკენ იყო მიმართული მომგერიებლის მოქმედება და რამდენად შეესაბამებოდა თავდაცვა თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლი პირს უფლებას აძლევს, მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან საკუთარი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთე ხელმყოფის დაზიანებით დაიცვას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების ფარგლები გადაცილებულია, როცა თავდაცვა აშკარად არ შეესაბამება თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებას. გადამწყვეტია სწორედ ამ შეუსაბამობის აშკარა ხასიათი, რომელიც საქმის კონკრეტული გარემოებებით უნდა დასტურდებოდეს.
უზენაესი სასამართლოს №770აპ-19 განჩინებაში ასახული და შემდგომ პრაქტიკაში არაერთხელ განმეორებული განმარტებით, პირს აუცილებელი მოგერიების უფლება რომ წარმოეშვას ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, რეალური და იმწუთიერი, ხოლო მომგერიებელი სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით უნდა მოქმედებდეს. ამ პირობების შესაფასებლად სასამართლო არკვევს, რამ გამოიწვია პირის მოქმედება და რა მიზანი ჰქონდა მას: ცდილობდა არსებული საფრთხის მოგერიებას თუ საფრთხის არარსებობისას სხვისთვის ზიანის მიყენებას.
ქმედების შეფასება აუცილებელი მოგერიების წინაპირობების დადგენით იწყება. მხოლოდ მათი არსებობისას განიხილება, ხომ არ გადააცილა პირმა თავდაცვის დასაშვებ ფარგლებს. თუ რეალური ხელყოფა და თავდაცვის მიზანი არსებობდა, მაგრამ გამოყენებული ძალა თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებას აშკარად არ შეესაბამებოდა, შეიძლება ფარგლების გადაცილების საკითხი დადგეს. თუ ხელყოფა საერთოდ არ არსებობდა ან უკვე დასრულებული იყო და პირი ანგარიშსწორებას ცდილობდა, კონფლიქტის მეორე მხარის მიერ დაწყება მომხდარის აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებად შეფასებისთვის საკმარისი ვერ იქნება.
აუცილებელი მოგერიების ვითარების არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ამ ვითარებაში ჩადენილი ყველა მოქმედება მართლზომიერია. შეიძლება პირმა მართლზომიერების პირობები არ დაარღვიოს, თუმცა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადააცილოს, რაც გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც პირს აქვს თავდაცვის საფუძველი და მიზანი, მაგრამ გამოყენებული ძალით დასაშვებ ზღვარს სცდება.
აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის დასაშვები ზღვარი მხოლოდ გამოყენებული საშუალების მიხედვით ვერ შეფასდება. მნიშვნელოვანია თავდამსხმელთა რაოდენობა და მხარეთა ფიზიკური შესაძლებლობები, გამოყენებული საგნები, დარტყმების ძალა და მიმართულება. ასევე გასათვალისწინებელია, რამდენად მოულოდნელი იყო თავდასხმა, სად მოხდა იგი და რა სისწრაფით განვითარდა მოვლენები. მომგერიებლის არჩევანი მოქმედების მომენტში არსებული საფრთხისა და მისი რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. მოგვიანებით, მშვიდ გარემოში მოფიქრებული ალტერნატივა ვერ ადასტურებს, რომ თავდასხმის დროს მისი გამოყენება რეალურად შესაძლებელი და ეფექტიანი იყო. შესაბამისად, უიარაღო თავდამსხმელის წინააღმდეგ დანის ან სხვა სახიფათო საგნის გამოყენება თავისთავად არ ნიშნავს ფარგლების გადაცილებას. სიცოცხლეს რეალური საფრთხე უიარაღო პირთა ჯგუფურმა ძალადობამაც შეიძლება შეუქმნას. თუმცა არც თავდასხმის ფაქტი ამართლებს იარაღის გამოყენებას ყველა შემთხვევაში. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დასკვნა უნდა ემყარებოდეს ხელყოფის რეალურ საშიშროებას და იმას, შესაძლებელი იყო თუ არა მისი ეფექტიანად აღკვეთა თავდამსხმელისათვის შედარებით ნაკლები ზიანის მიყენებით.
მსგავს მიდგომას ამკვიდრებს საქართველოს უზენაესი სასამართლოც თავის პრაქტიკაში და უთითებს „შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებაზე“. თუმცა, აღსანიშნავია, რომ როდესაც სასამართლო გამოყენებულ თავდაცვის საშუალებას გადამეტებულად მიიჩნევს, უნდა განმარტოს, კონკრეტულად რა ნაკლებად საზიანო მოქმედება შეეძლო მომგერიებელს და რამდენად ეფექტიანად შეაჩერებდა ამით თავდასხმას. მხოლოდ ვარაუდი, რომ მომგერიებელს „სხვაგვარად მოქცევა შეეძლო“, თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას ვერ ასაბუთებს.
ნაკლებად საზიანო თავდაცვის საშუალებაზე მსჯელობა პირს გაქცევის ან დახმარების თხოვნის ვალდებულებას არ აკისრებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილი აუცილებელი მოგერიების უფლებას აღიარებს იმის მიუხედავად, შეეძლო თუ არა მომგერიებელს ხელყოფის თავიდან აცილება ან საშველად სხვისი მოხმობა. ამდენად, უკან დახევის შესაძლებლობა თავდაცვის უფლებას თავისთავად არ გამორიცხავს. სასამართლოს განმარტებაში ნახსენები „უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაც“ ამ ნორმასთან ერთად უნდა განიმარტოს.
თავდაცვის მიზნის დასადგენად პირის განმარტება უნდა შეფასდეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად. მხოლოდ სიტყვები „თავს ვიცავდი“ ასეთი მიზნის არსებობას ვერ დაადასტურებს. მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებდა პირი ხელყოფის შესაჩერებლად, როგორ იცვლებოდა დაპირისპირება და შეწყვიტა თუ არა მან ძალის გამოყენება საფრთხის დასრულებისას. ამ გარემოებებმა უნდა აჩვენოს, მის მოქმედებას თავდაცვითი ხასიათი ჰქონდა თუ ანგარიშსწორებისკენ იყო მიმართული.
ამასთან, თავდაცვის მიზანი დაზიანების შეგნებულად მიყენებას არ გამორიცხავს. მომგერიებელი შეიძლება აცნობიერებდეს, რომ თავდამსხმელს ზიანს მიაყენებს, და სწორედ ამ გზით ცდილობდეს ხელყოფის შეჩერებას. ამიტომ დაზიანების განზრახ მიყენება აუცილებელი მოგერიების უარსაყოფად საკმარისი არ არის. გადამწყვეტია, რა ვითარებაში გამოიყენეს ძალა, რას ემსახურებოდა იგი და რამდენად შეესაბამებოდა არსებულ საფრთხეს.
მეორე მხრივ, პირის სუბიექტური აღქმა თავდასხმის რეალურ არსებობას ვერ ჩაანაცვლებს. თუ რეალური ხელყოფა არ არსებობდა, მომხდარი ავტომატურად ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად ან მისი ფარგლების გადაცილებად. ასეთ შემთხვევაში ცალკე უნდა შეფასდეს საფრთხის არსებობის შესახებ დაშვებული შეცდომა და მისი გავლენა პასუხისმგებლობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლო №770აპ-19 განჩინებაში სუბიექტურ მხარეზე მითითება რეალური და იმწუთიერი ხელყოფის დადგენის აუცილებლობას არ აუქმებს.
ხშირად საქმის სამართლებრივ შეფასებას თავდასხმის დასრულების დრო განსაზღვრავს. კონფლიქტის დასაწყისში პირი შეიძლება თავს იცავდეს, შემდეგ კი, საფრთხის შეწყვეტის მიუხედავად, ძალის გამოყენებას აგრძელებდეს. ასეთ შემთხვევაში ყოველი შემდგომი მოქმედება იმ მომენტში არსებული ვითარების მიხედვით უნდა შეფასდეს. ამასთან, ხანმოკლე პაუზა ან თავდამსხმელის უკან გადადგმული ნაბიჯი ყოველთვის ხელყოფის დასრულებას არ ნიშნავს. აუცილებელია დადგინდეს, რეალურად შეწყდა თუ არა საფრთხე და როგორ აღიქვამდა ვითარებას მომგერიებელი.
ამის მაგალითია უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 24 ნოემბრის №575აპ-25 განჩინება. საქმეზე დადგინდა, რომ ჩხუბის მონაწილეები გააშველეს და ერთმანეთს დააშორეს. ამის შემდეგ ბრალდებულმა ავტომობილიდან დანა აიღო, დაბრუნდა და მეორე პირს ჭრილობები მიაყენა. ბრალდებულის სახეზე მანამდე მიღებული დაზიანებების მიუხედავად, სასამართლომ ქმედების 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებაზე უარი თქვა, რადგან დანის გამოყენებისას თავდასხმა უკვე დასრულებული იყო.
განსხვავებული გარემოებები გამოიკვეთა უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 16 ივლისის №150აპ-25 საქმეზე. ბოთლით დაზიანების მიყენების შემდეგ თავდამსხმელი მომგერიებელს სიცოცხლის მოსპობის მუქარით კვლავ მისდევდა, ამიტომ ძალის გამოყენებისას საფრთხე ჯერ კიდევ არსებობდა. ძალაში დარჩა ქმედების მკვლელობის მცდელობიდან სსკ-ის 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება. მსჯავრდებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა, რაც მის გამართლებას ან ქმედების მართლზომიერ თავდაცვად აღიარებას არ ნიშნავდა.
დაზიანების სიმძიმეს მტკიცებულებითი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მხოლოდ სამედიცინო შედეგი ქმედების კვალიფიკაციას ვერ განსაზღვრავს. ექსპერტიზა ადგენს დაზიანების ხარისხს, მიყენების მექანიზმსა და სხვა სპეციალურ საკითხებს. აუცილებელი მოგერიების არსებობასა და მისი ფარგლების შესაძლო გადაცილებაზე სასამართლო საქმის ყველა მნიშვნელოვანი გარემოების მიხედვით მსჯელობს. დარტყმების რაოდენობა და დაზიანებათა ადგილმდებარეობაც დაპირისპირების განვითარებასთან კავშირში უნდა განიხილებოდეს, რათა დადგინდეს, უკავშირდებოდა თუ არა თითოეული მოქმედება იმ მომენტში არსებული საფრთხის მოგერიებას.
ამგვარ საქმეებზე დაცვის პოზიცია მოვლენების სრული თანმიმდევრობის აღდგენას უნდა დაეყრდნოს. ვიდეოჩანაწერით შეიძლება გაირკვეს, ვინ დაიწყო ძალადობა, როგორ გაგრძელდა იგი და როდის შეწყდა საფრთხე. თავად მომგერიებლის დაზიანებების დასადასტურებლად სამედიცინო დოკუმენტაციასაც აქვს მნიშვნელობა. მოწმეების ჩვენებები, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი კვალი და ექსპერტიზის დასკვნები კი მხარეთა მდებარეობისა და მოქმედებების დადგენაში გვეხმარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიდეოჩანაწერის სრული მონაკვეთის შესწავლა, რადგან მხოლოდ დაზიანების მიყენების ამსახველმა ფრაგმენტმა შესაძლოა ხელყოფის დასაწყისი და მისი გაგრძელება ვერ აჩვენოს.
მტკიცებულებებზე მუშაობა ბრალდებულს საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების ვალდებულებას არ აკისრებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით ბრალდების მტკიცების ტვირთი ბრალმდებელს ეკისრება, დაუძლეველი ეჭვი კი ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას უნდა ემყარებოდეს. ეს მოთხოვნა ვრცელდება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მსჯავრდებაზეც.
აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მკვლელობა საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით ისჯება. სანქცია ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე. ფარგლების გადაცილებით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ექვს თვემდე, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე. ამ მუხლებით პირის მსჯავრდებისათვის შესაბამისი დანაშაულის ყველა ნიშანი უნდა დადგინდეს.
დაცვის პოზიციაც ამ სამართლებრივ განსხვავებებს უნდა დაეფუძნოს. თუ პირის მოქმედება სრულად აკმაყოფილებდა აუცილებელი მოგერიების პირობებს, დაცვის მოთხოვნა მისი მართლზომიერების აღიარებაა. თუ თავდაცვის საფუძველი არსებობდა, მაგრამ გამოყენებული ძალა თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებას აშკარად არ შეესაბამებოდა, განსახილველია ქმედების შესაბამისი სპეციალური მუხლით კვალიფიკაცია. ორივე შემთხვევაში ადვოკატის არგუმენტები უნდა ეფუძნებოდეს მოქმედების მომენტში არსებულ საფრთხეს, მომგერიებლის მიზანსა და თითოეული დასკვნის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. ამ გარემოებათა შეფასებაზეა დამოკიდებული, მოქმედებდა პირი მართლზომიერად, გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს თუ მისი ქმედება სხვა სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს.
სტატიის ავტორი: ადვოკატი ავთანდილ გიორგაძე
სამართლებრივი წყაროები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე, 113-ე და 122-ე მუხლები;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მე-5 და 82-ე მუხლები;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 16 ივლისის №150აპ-25; 2020 წლის 2 აპრილის №770აპ-19; 2025 წლის 24 ნოემბრის №575აპ-25 განჩინება.