პასუხისმგებლობა დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის

დანაშაულის შესახებ ინფორმაციის ფლობა ყოველთვის არ წარმოშობს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა და ისიც მაშინ, როდესაც პირმა დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შესახებ ნამდვილად იცის.

შესაბამისად, პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას საკმარისი არ არის იმის დადგენა, რომ მან დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინა. უნდა გაირკვეს, რამდენად კონკრეტული და სარწმუნო იყო ეს ინფორმაცია, როდის მიიღო იგი პირმა, ჰქონდა თუ არა სამართალდამცავი ორგანოსთვის შეტყობინების რეალური შესაძლებლობა და შეგნებულად შეიკავა თუ არა თავი შეტყობინებისგან.

რას გულისხმობს დანაშაულის შეუტყობინებლობა?

დანაშაულის შეუტყობინებლობა არის პირის შეგნებული უმოქმედობა, როდესაც მან ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან უკვე ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მაგრამ ამის შესახებ შესაბამის ორგანოს არ ატყობინებს.

პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით.

დანაშაულის შეუტყობინებლობა შეიძლება ეხებოდეს:

  • დანაშაულს, რომლის ჩადენისთვისაც პირები ჯერ კიდევ ემზადებიან;
  • დანაშაულს, რომლის განხორციელებაც დაწყებულია და კვლავ მიმდინარეობს;
  • უკვე დასრულებულ დანაშაულს;
  • დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობას;
  • დანაშაულის მომზადების ადგილს, დროს, ხერხს ან სხვა მნიშვნელოვან გარემოებას.

პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი არ არის, რომ შეუტყობინებლობის შედეგად დანაშაული მართლაც განხორციელდეს ან გამოძიებას კონკრეტული ზიანი მიადგეს. გადამწყვეტია, არსებობდა თუ არა კანონით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება და შეასრულა თუ არა პირმა იგი.

რომელი დანაშაულის შეუტყობინებლობა ისჯება?

სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით, დანაშაულის კატეგორია განისაზღვრება შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით.

მძიმეა:

  • განზრახი დანაშაული, რომლისთვისაც მაქსიმალური სასჯელი ხუთ წელზე მეტია, მაგრამ ათ წელს არ აღემატება;
  • გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით.
  • განსაკუთრებით მძიმეა განზრახი დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

შესაბამისად, ნაკლებად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დასჯადი არ არის, თუ კონკრეტული ქმედება სხვა სპეციალური ნორმით არ არის გათვალისწინებული.

პირს არ მოეთხოვება დანაშაულის ზუსტი იურიდიული კვალიფიკაციის ცოდნა. თუმცა მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც ობიექტურად მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნებზე მიუთითებს.

ვის ეკისრება დანაშაულის შეტყობინების ვალდებულება?

სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს ნებისმიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეულ, შერაცხად ფიზიკურ პირს, რომელმაც ნამდვილად იცის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შესახებ და აქვს ამის შეტყობინების რეალური შესაძლებლობა.

ასეთი ინფორმაცია პირმა შეიძლება მიიღოს:

  • დანაშაულის უშუალოდ დანახვით ან მოსმენით;
  • დანაშაულის ჩამდენი პირისგან;
  • დაზარალებულისგან;
  • დანაშაულის მომზადებასთან დაკავშირებული მიმოწერის ან საუბრის გაცნობით;
  • სხვა წყაროდან, თუ მიღებული ინფორმაცია იმდენად კონკრეტული და სარწმუნოა, რომ პირმა დანაშაულის შესახებ ნამდვილად იცის.

სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის ტიპური სუბიექტია დანაშაულში არმონაწილე მესამე პირი. საკუთარი ან თანამონაწილეობით ჩადენილი დანაშაულის არშეტყობინება, დამოუკიდებლად დანაშაულის შეუტყობინებლობად არ ფასდება, რადგან პირს არ შეიძლება დაეკისროს საკუთარი თავის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ვალდებულება.

რას ნიშნავს დანაშაულის შესახებ „ნამდვილად ცოდნა“?

დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, რომ პირმა დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შესახებ ნამდვილად იცოდეს.

ნამდვილი ცოდნა უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ ინფორმაციას. მხოლოდ ვარაუდი, ჭორი, დაუდასტურებელი ინფორმაცია ან ზოგადი ეჭვი საკმარისი არ არის.

მაგალითად, პასუხისმგებლობის დასადგენად მნიშვნელოვანია:

  • რა ინფორმაცია მიიღო პირმა;
  • ვისგან მიიღო ინფორმაცია;
  • რამდენად კონკრეტული იყო ეს ინფორმაცია;
  • როდის და რა გარემოებებში მიიღო ინფორმაცია;
  • როგორ მოიქცა პირი ინფორმაციის მიღების შემდეგ.

პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი არ არის, რომ პირისთვის ცნობილი იყოს დანაშაულის ყველა დეტალი. თუმცა ინფორმაცია უნდა იყოს იმდენად განსაზღვრული, რომ რეალურად უთითებდეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებაზე ან ჩადენაზე.

თუ პირს მხოლოდ ეჭვი აქვს, მას შეუძლია ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოს მაინც მიაწოდოს, მაგრამ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმის გამო ვერ დაეკისრება, რომ დაუდასტურებელი ვარაუდი არ გაამჟღავნა.

რა პირობებია აუცილებელი პასუხისმგებლობისათვის?

დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის პირის მსჯავრდებისთვის ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დაადასტუროს:

1. მზადდებოდა ან ჩადენილი იყო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული

ჯერ უნდა დადგინდეს იმ დანაშაულის ფაქტობრივი და სამართლებრივი ნიშნები, რომლის შესახებაც პირს ინფორმაცია ჰქონდა.

თუ ქმედება ნაკლებად მძიმე დანაშაულს წარმოადგენდა, სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით პასუხისმგებლობა არ დადგება.

2. პირმა დანაშაულის შესახებ ნამდვილად იცოდა

ბრალდების მხარემ კონკრეტულად უნდა მიუთითოს, როდის, ვისგან, რა ფორმით და რა შინაარსის ინფორმაცია მიიღო პირმა.

მხოლოდ დანაშაულის ჩამდენ პირთან ნათესაური, მეგობრული ან სხვა სახის კავშირი არ ადასტურებს, რომ მან დანაშაულის შესახებ ნამდვილად იცოდა.

არც დანაშაულის შემდეგ პირის საეჭვო ქცევა არის ყოველთვის საკმარისი ცოდნის დასამტკიცებლად. აუცილებელია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამორიცხავს გონივრულ ეჭვს.

3. პირს უნდა ჰქონოდა შეტყობინების რეალური შესაძლებლობა

პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება პირს, რომელსაც ინფორმაციის მიწოდების ობიექტური შესაძლებლობა არ ჰქონდა.

მაგალითად, შეფასებას საჭიროებს შემთხვევა, როდესაც პირი:

  • ძალადობის ან რეალური მუქარის ქვეშ იმყოფებოდა;
  • თავისუფლება უკანონოდ ჰქონდა შეზღუდული;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა დაკავშირებას;
  • არ ჰქონდა კომუნიკაციის ხელმისაწვდომი საშუალება;
  • სხვა გადაუდებელი საფრთხის პირობებში მოქმედებდა.

მუქარის მხოლოდ სიტყვიერი მითითება პასუხისმგებლობას ავტომატურად არ გამორიცხავს. უნდა შეფასდეს მუქარის რეალურობა, ინტენსივობა, ხანგრძლივობა და ის გარემოებები, პირს შეეძლო თუ არა პირს უსაფრთხო გზით დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებისათვის შეტყობინება.

4. პირმა უფლებამოსილ ორგანოს ინფორმაცია არ მიაწოდა

კანონი შეტყობინების კონკრეტულ ფორმას ან საათებით განსაზღვრულ ვადას არ ადგენს. თუმცა ინფორმაცია უნდა მიეწოდოს დაუყოვნებლივ ან პირველი რეალური შესაძლებლობისთანავე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დანაშაული ჯერ კიდევ მზადდება ან ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს პოლიციას, პროკურატურას ან სსიპ “112”-ის სამსახურს. შეტყობინება შესაძლებელია როგორც ზეპირად, ისე წერილობით.

თუ ვითარება ამის საშუალებას იძლევა, მიზანშეწონილია შენარჩუნდეს შეტყობინების დამადასტურებელი მონაცემები — განცხადების რეგისტრაციის ნომერი, ელექტრონული წერილი, შეტყობინების ასლი ან ზარის შესახებ ინფორმაცია.

5. პირი უნდა მოქმედებდეს განზრახ

დანაშაულის შეუტყობინებლობა განზრახი ქმედებაა. პასუხისმგებლობისათვის უნდა დადასტურდეს, რომ პირმა:

  • იცოდა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან ჩადენის ფაქტობრივი გარემოებები;
  • აცნობიერებდა, რომ ამ ინფორმაციას უფლებამოსილ ორგანოს არ აწვდიდა;
  • ჰქონდა შეტყობინების რეალური შესაძლებლობა;
  • და შეგნებულად გადაწყვიტა უმოქმედობა.

თუ პირი კეთილსინდისიერად ფიქრობდა, რომ ინფორმაცია მცდარი იყო, ვერ გააცნობიერა მისი რეალური შინაარსი ან ობიექტურად არ ჰქონდა შეტყობინების შესაძლებლობა, პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი განზრახვა შეიძლება არ არსებობდეს.

ვინ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან?

სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის შენიშვნა, რომელიც 376-ე მუხლზეც ვრცელდება, პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს კანონში პირდაპირ ჩამოთვლილ პირებს.

უპირველესად, პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც წინასწარი დაპირების გარეშე არ შეატყობინა ახლო ნათესავის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

ეს გამონაკლისი არ ნიშნავს, რომ ახლო ნათესავს შეუძლია დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობა, მტკიცებულებების განადგურება, დანაშაულის კვალის მოსპობა ან დამნაშავისათვის წინასწარ დაპირებული დახმარების გაწევა. ასეთმა აქტიურმა მოქმედებამ შეიძლება სხვა დანაშაულის, მათ შორის თანამონაწილეობის ან დანაშაულის დაფარვის, ნიშნები წარმოშვას.

კანონით პასუხისმგებლობისგან ასევე თავისუფლდებიან გარკვეული პროფესიული ფუნქციის შემსრულებელი პირები, მათ შორის:

  • ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების პასუხისმგებელი პირი;
  • ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსის საკითხის განმხილველი მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრი;
  • ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების თანამშრომელი (გარდა არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულისა);
  • სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი(გარდა არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულისა);
  • პირისთვის კონსულტაციების გამწევის უზრუნველმყოფიუფასო სატელეფონო დახმარების ქსელის ოპერატორი.

შეუტყობინებლობა, დანაშაულის დაფარვა და თანამონაწილეობა

დანაშაულის შეუტყობინებლობა უნდა განვასხვაოთ დანაშაულის დაფარვისა და თანამონაწილეობისგან.

შეუტყობინებლობა ძირითადად პასიური ქცევაა — პირმა იცის დანაშაულის შესახებ, მაგრამ სამართალდამცავ ორგანოს ინფორმაციას არ აწვდის.

დანაშაულის დაფარვა კი აქტიურ მოქმედებას გულისხმობს, მაგალითად:

  • დამნაშავის დამალვას;
  • დანაშაულის იარაღის ან საგნის გადამალვას;
  • კვალის მოსპობას;
  • ვიდეოჩანაწერის ან დოკუმენტის განადგურებას;
  • მოპარული ნივთის დამალვას;
  • გამომძიებლისთვის შეგნებულად მცდარი მიმართულების მიცემას.

თუ პირი დანაშაულის ჩადენამდე დაჰპირდა დამნაშავეს დახმარებას, დამალვას ან სხვა სახის ხელშეწყობას და ამ დაპირებამ დანაშაულის ჩადენას ხელი შეუწყო, მისი მოქმედება შეიძლება შეფასდეს არა მხოლოდ შეუტყობინებლობად ან დაფარვად, არამედ დანაშაულში თანამონაწილეობად.

ქმედების სწორი კვალიფიკაცია დამოკიდებულია იმაზე, როდის შეიტყო პირმა დანაშაულის შესახებ, როდის დადო დახმარების პირობა და შემდგომ კონკრეტულად რა მოქმედება განახორციელა.

რა სასჯელია გათვალისწინებული?

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის თანახმად:

  • მძიმე დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შეუტყობინებლობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ექვს წლამდე;
  • განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შეუტყობინებლობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან შვიდ წლამდე.

შესაბამისად, პასუხისმგებლობის ფარგლები დამოკიდებულია იმ ძირითადი დანაშაულის კატეგორიაზე, რომლის შესახებაც პირს ინფორმაცია ჰქონდა.

როგორი შეიძლება იყოს ადვოკატის როლი?

დანაშაულის შეუტყობინებლობასთან დაკავშირებულ შემთხვევაში ადვოკატის ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც ინფორმაციის შეტყობინებამდე, ისე გამოძიების დაწყების შემდეგ.

კონსულტაცია შეტყობინებამდე

პირი შეიძლება ფლობდეს არასრულ, წინააღმდეგობრივ ან მისივე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ადვოკატი შეაფასებს:

  • მიუთითებს თუ არა ინფორმაცია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე;
  • არის თუ არა ეს ნამდვილი ცოდნა თუ მხოლოდ ვარაუდი;
  • რა მოცულობის ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სამართალდამცავ ორგანოს;
  • შეიცავს თუ არა განცხადება თავად განმცხადებლის მამხილებელ გარემოებებს;
  • არსებობს თუ არა ცრუ დასმენის ან ცრუ ინფორმაციის მიწოდების რისკი;
  • როგორ უნდა დაფიქსირდეს შეტყობინების ფაქტი.

ადვოკატს შეუძლია მოამზადოს წერილობითი განცხადება, დაესწროს კლიენტის გამოკითხვას და დაიცვას იგი ზეწოლისგან ან თვითმამხილებელი ინფორმაციის იძულებით გაცემისგან.

იმ პირის დაცვა, რომელსაც შეუტყობინებლობას ედავებიან

თუ პირის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს, ადვოკატმა უნდა შეამოწმოს:

  • რა კონკრეტული დანაშაულის შესახებ ჰქონდა პირს ინფორმაცია;
  • წარმოადგენდა თუ არა ეს დანაშაული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას;
  • როდის და რა წყაროდან მიიღო პირმა ინფორმაცია;
  • რამდენად სარწმუნო და კონკრეტული იყო მიღებული ცნობები;
  • ჰქონდა თუ არა მას შეტყობინების რეალური შესაძლებლობა;
  • არსებობდა თუ არა მუქარა, იძულება ან სხვა დამაბრკოლებელი გარემოება;
  • მიეკუთვნებოდა თუ არა პირი კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისს;
  • ადასტურებს თუ არა მტკიცებულებები მის პირდაპირ განზრახვას.

ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა დაამტკიცოს არა მხოლოდ ის, რომ პირს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია ჰქონდა, არამედ ისიც, რომ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ ნამდვილად იცოდა და ინფორმაციის შეტყობინებისგან შეგნებულად შეიკავა თავი.

დასკვნა

დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება მაშინ, როდესაც:

  • მზადდება ან უკვე ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;
  • პირმა ამის შესახებ ნამდვილად იცის;
  • მას ინფორმაციის შეტყობინების რეალური შესაძლებლობა აქვს;
  • იგი არ მიეკუთვნება კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისს;
  • და შეგნებულად არ აწვდის ინფორმაციას უფლებამოსილ ორგანოს.

მხოლოდ ეჭვი, ვარაუდი, ჭორი, დანაშაულის ჩამდენ პირთან ახლო ურთიერთობა ან მოვლენების შემდგომი შეფასება პასუხისმგებლობისათვის საკმარისი არ არის. ბრალდების მხარემ კონკრეტულად უნდა დაამტკიცოს, რა იცოდა პირმა, როდის შეიტყო მან დანაშაულის შესახებ და რატომ მიუთითებს მისი უმოქმედობა განზრახ შეუტყობინებლობაზე.

ადვოკატის როლი შეიძლება მოიცავდეს შეტყობინების სამართლებრივად სწორად მომზადებას, პირის გამოკითხვისას დასწრებას, თვითინკრიმინაციისა და ცრუ დასმენის რისკების შეფასებას ან შეუტყობინებლობაში ბრალდებული პირის დაცვას. თუ ინფორმაცია თავად ადვოკატმა პროფესიული საქმიანობისას მიიღო, საკითხი უნდა გადაწყდეს პროფესიული საიდუმლოების, საპროცესო პრივილეგიისა და სისხლისსამართლებრივი ნორმების ერთობლივი, კონკრეტულ გარემოებებზე დაფუძნებული შეფასებით.

ნარკოტიკული დანაშაული: სამართლებრივი კვალიფიკაციის, მტკიცებისა და დაცვის პრაქტიკული გამოწვევები

ნარკოტიკულ დანაშაულზე პირის დაკავება ან ბრალის წარდგენა თითქმის ყოველთვის მძიმე სამართლებრივ და პირად შედეგებთან არის დაკავშირებული. ამ კატეგორიის…

ვრცლად : ნარკოტიკული დანაშაული: სამართლებრივი კვალიფიკაციის, მტკიცებისა და დაცვის პრაქტიკული გამოწვევები

ცრუ ჩვენების სამართლებრივი შედეგები

მოწმის ჩვენებას სისხლის სამართლის საქმეზე ხშირად მნიშვნელოვანი, ზოგჯერ კი გადამწყვეტი მტკიცებულებითი ძალა აქვს. სწორედ ამიტომ კანონმდებლობა მოწმეს…

ვრცლად : ცრუ ჩვენების სამართლებრივი შედეგები

ოჯახური დანაშაულის სამართლებრივი შეფასება — პრობლემები და პრაქტიკული გამოწვევები

ოჯახში ძალადობის დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდა 2012 წელს, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის…

ვრცლად : ოჯახური დანაშაულის სამართლებრივი შეფასება — პრობლემები და პრაქტიკული გამოწვევები

გჭირდებათ სისხლის სამართლის ადვოკატი?