სტატიები -> რა უნდა იცოდეს მეწარმემ, თუ აჯარიმებს შემოსავლების სამსახური?
ნაფიცი მსაჯულები

24.02.2022

   თუ მეწარმე ჯარიმდება შემოსავლების სამსახურის მიერ და იგი არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, მეწარმეს შუძლია გაასაჩივროს საგადასახადო შემოწმების აქტი, პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხების დარიცხვა და თავად საგადასახადო მოთხოვნა. ე.ი. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს არ დაეთანხმოს საგადასახადო შემოწმების შედეგებს და საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებები  გაასაჩივროს საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად, მათი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. შესაძლებელია, დავის პირდაპირ სასამართლოში წარმართვაც, თუმცა ამგვარი მიდგომა (დავის პირდაპირ სასამართლოში წარმართვა) არ არის რეკომენდირებული. საქართველოს ფინანსთა 

სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით.

იმისთვის, რომ საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში, აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი: საჩივარში უნდა იყოს მითითებული მომჩივნის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი და საკონტაქტო მონაცემები; საჩივრიდან უნდა ირკვეოდეს მოთხოვნის არსი და მას თან უნდა ერთვოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); საჩივრის და თანდართული დოკუმენტების გვერდები უნდა იყოს დანომრილი, იგი უნდა იკითხებოდეს და უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე, იგი უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის (დირექტორის ან თავად მეწარმის) მიერ.

საჩივრის ჯეროვნად მომზადების მიზნით მიზანშეწონილია საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით მიმართოთ ერთდროულად ადვოკატს და აუდიტორს.

შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში სასამართლოში. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება, მისი გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში, ძალაში შედის მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 21-ე დღეს.

აღნიშნული წესების დაცვის შემთხვევაში შეძლებთ საკუთარი ინტერესების ჯეროვან დაცვას ნებისმიერი საგადასახადო ან საბაჟო დავის შემთვევაში.

ავტორი: ადვოკატი ზურაბ ვანიშვილი.

დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატს.

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.