სტატიები -> საგადასახადო მოთხოვნა
საგადასახადო მოთხოვნა
1.  საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
3.  საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: 
ა) გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა;  
ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; 
გ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილება;  
დ) პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
4. გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მესამე პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა და მისი ქონებიდან უზრუნველყოს გადასახადის გადახდევინება, თუ გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელებამ ვერ უზრუნველყო აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ან სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია.
5. საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართალდარღვევა საგადასახადო შემოწმების აქტშია დაფიქსირებული; ამასთან, ოქმი ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.
6. თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში არ არის ასახული კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე მონაცემი ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის დარღვევით, შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი ან დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირის საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ.
7. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
8. დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით.
9. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
10. საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
11. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.

12. თუ მეწარმე ჯარიმდება შემოსავლების სამსახურის მიერ და იგი არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, მეწარმეს შუძლია გაასაჩივროს .საგადასახადო შემოწმების აქტი, პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხების დარიცხვა და თავად საგადასახადო მოთხოვნა.

13. ანუ, გადასახადის გადამხდელს აქვს უფლება, არ დაეთანხმოს საგადასახადო შემოწმების შედეგებს და საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებები  გაასაჩივროს საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად, მათი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. 
14. საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. 
15. შესაძლებელია, დავის პირდაპირ სასამართლოში წარმართვაც, თუმცა ამგვარი მიდგომა (დავის პირდაპირ სასამართლოში წარმართვა) არ არის რეკომენდირებული. 5) 
16. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო. 
17. დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ პროცედურულ მოთხოვნებს: 
ა) საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;  
ბ) საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საკონტაქტო მონაცემები;  
გ) საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი;  
დ) საჩივარს არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);  
ე) საჩივრის ან მისთვის დართული დოკუმენტების გვერდები დაუნომრავია;  
ვ) საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტაცია არ იკითხება;  
ზ) საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტი არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე;  
თ) საჩივარი ხელმოუწერელია;  
ი) საჩივარი წარმომადგენლის მიერ არის წარდგენილი და მას არ ერთვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
18. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. 
19. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით. 
20. დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ:  
ა) მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე;  
ბ) მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს;  
გ) საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;  
დ) არ არსებობს დავის საგანი;  
ე) გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;  
ვ) საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში;  
ზ) არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;  
ი) მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს;  
კ) მომჩივანი გარდაიცვალა;  
ლ) გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში; 
მ) მომჩივნის მოძიება შეუძლებელია;  
ნ) საჩივარი ანონიმურია;  
ო) გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
21. იმისთვის, რომ საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში, აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი: საჩივარში უნდა იყოს მითითებული მომჩივნის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი და საკონტაქტო მონაცემები; საჩივრიდან უნდა ირკვეოდეს მოთხოვნის არსი და მას თან უნდა ერთვოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); საჩივრის და თანდართული დოკუმენტების გვერდები უნდა იყოს დანომრილი, იგი უნდა იკითხებოდეს და უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე, იგი უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის (დირექტორის ან თავად მეწარმის) მიერ. 
22. შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. 
23. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში სასამართლოში. 
24. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება, მისი გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში, ძალაში შედის მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 21-ე დღეს.
25. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება საერთო სასამართლოებში საჩივრდება ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენით.

ავტორი: ადვოკატი ზურაბ ვანიშვილი

დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატს.

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.