სტატიები -> რა არის თამასუქი?
თამასუქი

1. თამასუქი (ვექსილი) არის დოკუმენტი (ფასიანი ქაღალდი), რომლითაც მისი გამცემი პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა პირადად ან სხვა პირს ავალებს მის გადახდას.

2. თამასუქი შეიძლება იყოს გადასაპირებელი (“ტრატა”) და მარტივი (“სოლო).
3. გადასაპირებელი(“ტრატა”) თამასუქით თამასუქის გამცემი ავალებს სხვა პირს გადაუხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა თამასუქში მითითებულ პირს.
4. მარტივი თამასუქით მისი გამცემი კისრულობს ვალდებულებას თვითონ გადაიხადოს თამასუქში მითითებული თანხა.
5. კანონმდებლობით დადგენილია თამასუქის აუცილებელი რეკვიზიტები, კერძოდ – გადასაპირებელი თამასუქი უნდა შეიცავდეს:  
ა) სიტყვას „თამასუქი“ დოკუმენტის სათაურში და ტექსტში იმ ენაზე, რომელზეც შედგენილია თამასუქი;  
ბ) უპირობო დავალებას მითითებული ფულადი თანხის გადახდის შესახებ;  
გ) გადამხდელის დასახელებას;  
დ) გადახდის ვადას; 
ე) გადახდის ადგილს;  
ვ) იმ პირის დასახელებას, რომელსაც უნდა გადაუხადონ ან რომლის განკარგულებითაც უნდა მოხდეს გადახდა;  
ზ) თამასუქის შედგენის თარიღსა და ადგილს;  
თ) თამასუქის გამცემის ხელმოწერას.
5. დოკუმენტს, რომელსაც აკლია რომელიმე რეკვიზიტი, არა აქვს თამასუქის ძალა.
6. თამასუქი შეიძლება გამოიწეროს თამასუქის გამცემის (ტრასანტის) პირადი განკარგულებით თვით თამასუქის გამცემის ან მესამე პირის სახელზე.
7. თამასუქის გამცემს შეუძლია დათქვას, რომ თამასუქის თანხას დაერიცხება პროცენტები, რომლის განაკვეთიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს თამასუქში. თუ ასეთი აღნიშვნა არ არის, პროცენტის შესახებ ჩანაწერს ძალა არა აქვს.
8. პირი, რომელიც სათანადო უფლებამოსილების გარეშე აწერს ხელს თამასუქს, როგორც სხვისი რწმუნებული, თვითონ აგებს პასუხს თამასუქისთვის.
9. ყოველი გადასაპირებელი თამასუქი შეიძლება გადაიცეს ინდოსამენტის (თამასუქზე წარწერა გადაცემის შესახებ) მეშვეობით.
10.  თამასუქიდან გამომდინარე პრეტენზიის წარდგენა ხდება სამოქალაქო სარჩელით.
11. თამასუქის როგორც მთელი თანხის, ისე ნაწილის გადახდა შეიძლება გარანტირებულ იქნეს თავდებობის გზით (“ავალი”).
12. თამასუქი შეიძლება გაიცეს გადასახდელად შემდეგი ვადების გათვალისწინებით:  
ა) წარდგენისთანავე;  
ბ) წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში;  
გ) გაცემიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში;  
დ) განსაზღვრულ დღეს.
13. თამასუქს, რომელშიც მითითებულია გადახდის სხვაგვარი ვადა, ძალა არა აქვს.
14. მფლობელი თამასუქისა, რომელიც უნდა გადაიხადონ დადგენილ დღეს ან გაცემიდან ან წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში, ვალდებულია წარადგინოს ის გადახდის დღეს ან მომდევნო ორი სამუშაო დღიდან ერთ-ერთ დღეს.
15. თამასუქის გადახდაზე უარი (პროტესტი) უნდა გაფორმდეს არა უგვიანეს თამასუქის სააქცეპტოდ წარდგენის ვადის მეორე დღეს.
16. თამასუქის მფლობელი კარგავს თავის უფლებებს, თუ გადააცილებს მოთხოვნის ვადას.
17. თამასუქი შეიძლება გამოიწეროს რამდენიმე ერთნაირ ეგზემპლარად.
18. თამასუქის მფლობელს უფლება აქვს გადაიღოს თამასუქის ასლი.
19. ასლში მითითებული უნდა იყოს დედნის მფლობელი.
20. თამასუქთან დაკავშირებული ყველა სარჩელი შეიძლება წარედგინოს აქცეპტანტს გადახდის ვადის დღიდან სამი წლის განმავლობაში.
21. მარტივი თამასუქი შეიცავს:  
ა) სახელწოდებას “თამასუქი”, რომელიც მოცემულია ტექსტში იმ ენაზე, რომელზეც შედგენილია თამასუქი;  
ბ) უპირობო ვალდებულებას მითითებული თანხის გადახდის შესახებ;  
გ) გადახდის ვადას;  
დ) გადახდის ადგილს;  
ე) იმ პირის დასახელებას, ვისი განკარგულებით უნდა მოხდეს გადახდა, ან ვისაც უნდა გადაეხადოს;  
ვ) თამასუქის შედგენის ადგილსა და თარიღს;  
ზ) თამასუქის გამცემის ხელმოწერას.
22. საგადასახადო კანონმდებლობით, თამასუქისა გამოშვებასთან, შეძენასთან, მიმოქცევასთან ან/და მიწოდებასთან (მათ შორის, მომავალში) დაკავშირებული ოპერაციები განიხილება ფინანსურ მომსახურებად.
23. თამასუქთან დაკავშირებული წესების მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ისჯება ფულადი ჯარიმით.
24. თამასუქი განიხილება საწარმოს ფასიანი ქაღალდის (თამასუქი, ობლიგაცია და სხვა) ერთ-ერთ ფორმად.
25. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში (აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი და ა.შ.) წევრ-სახელმწიფოებს აქვს უფლება საწევრო შენატანები გადაიხადონ თამასუქით.

ავტორი: ადვოკატი ზურაბ ვანიშვილი

დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატს.

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.