24.02.2022
სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით.
იმისთვის, რომ საჩივარი მიღებულ იქნეს წარმოებაში, აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი: საჩივარში უნდა იყოს მითითებული მომჩივნის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი და საკონტაქტო მონაცემები; საჩივრიდან უნდა ირკვეოდეს მოთხოვნის არსი და მას თან უნდა ერთვოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); საჩივრის და თანდართული დოკუმენტების გვერდები უნდა იყოს დანომრილი, იგი უნდა იკითხებოდეს და უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე, იგი უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის (დირექტორის ან თავად მეწარმის) მიერ.
საჩივრის ჯეროვნად მომზადების მიზნით მიზანშეწონილია საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით მიმართოთ ერთდროულად ადვოკატს და აუდიტორს.
შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში სასამართლოში. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება, მისი გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში, ძალაში შედის მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 21-ე დღეს.
აღნიშნული წესების დაცვის შემთხვევაში შეძლებთ საკუთარი ინტერესების ჯეროვან დაცვას ნებისმიერი საგადასახადო ან საბაჟო დავის შემთვევაში.
დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატს.
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.