15.02.2022
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. კანონის მიხედვით, საქართველოში 2010 წლის 1 ოქტომბრიდან დამკვიდრდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეებზე;
კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ კი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული განზრახ მკვლელობა) და 109-ე (დამთავრებული განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი) მუხლებით;
- 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა);
- 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დამამძიმებელ გარემობებეში ჩადენილი);
- 1351 მუხლით (ადამიანების ორგანოებით ვაჭრობა);
- 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში); ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგი და არასრულწლოვნით ვაჭრობა – ტრეფიკინგი; ადამიანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის მხვერპლის/დაზარალებულის მომსახურებით სარგებლობა;
- 144-ე−1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება, წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში;
- 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით (უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში);
- 147-ე და 149-ე მუხლებით (განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო მოთავსება ან დაკავება);
- 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი;
- 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია, ანდა ასეთ პროდუქციაზე ეტიკეტის უკანონოდ გამოყენება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი) და
- 229-ე მუხლით (აფეთქება, ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით).
ბრალდებულს უფლება აქვს წინასამართლო სხდომის ეტაპზე მოითხოვოს, რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე იქნეს განხილული. ამ შემთხვევაში საქმეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე განიხილავს. შესაბამისად, ბრალდებულის არჩევანზეა დამოკიდებული მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომლის განსჯადიც არის მოცემული საქმე, თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო (საზოგადოების რიგითი წევრები).
ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული?
ნაფიცი მსაჯული შეიძლება იყოს:
- საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული, 18 წელს გადაცილებული პირი;
- პირი, ვინც იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
- პირი, ვინც ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში − იმის შესაბამისად, თუ საქართველოს რომელ ნაწილში მდებარე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი;
- პირი, რომელსაც შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს არ შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.
როგორ ხდება ნაფიც მსაჯულთა შერჩევა და სიის შედგენა?
თითოეული სისხლის სამართლის საქმისათვის ამ საქმის განმხილველი მოსამართლე საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული, 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არა უმეტეს 300 პირის შემადგენლობით.
ჩვეულებისამებრ, საქმის განხილვისათვის შეირჩევა 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯული. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, რვაზე ნაკლები მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ათზე ნაკლები განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.
რამდენი აცილების უფლება აქვთ მხარეებს ნაფიც მსაჯულთა შერჩევისას?
თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მხარეს 10 დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლება აქვს. დანარჩენ შემთხვევებში მხარე უფლებამოსილია 6 დაუსაბუთებელი აცილება განაცხადოს.
ვინ არ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული?
პირი ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი ან/და იგი არის:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;
ბ) პროკურორი;
გ) გამომძიებელი;
დ) პოლიციელი;
დ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურე;
ე) ადვოკატი;
ვ) მოქმედი სამხედრო მოსამსახურე;
ზ) სასულიერო პირი;
თ) აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე;
ი) ბრალდებული;
კ) პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო, და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული;
ლ) ნასამართლევი.
ვის შეუძლია უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე?
- პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე:
ა) თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული;
ბ) თუ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვასთან, და მისი კონკრეტულ პერიოდსა და ვითარებაში შეცვლა შეუძლებელია ან მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს, რაც დასტურდება ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი ინფორმაციების ერთობლიობით. ეს წესი განსაკუთრებული მნიშვნელობის სხვა სამუშაოს შემსრულებელ პირზე შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;
დ) თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლების გარეთ;
ე) თუ 70 წელს გადაცილებულია.
რა არის ვერდიქტი?
ვერდიქტი არის ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება ბრალდებულის უდანაშაულობის ან ბრალეულობის შესახებ. შესაბამისად, ვერდიქტი შეიძლება იყოს გამამართლებელი ან გამამტყუნებელი.
როგორ ხდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ ვერდიქტის მიღება?
სათათბირო ოთახში ნაფიცი მსაჯულები განსჯიან და იღებენ გადაწყვეტილებებს ფაქტების შესახებ. ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის შემდეგ უფროსი მსაჯული თანმიმდევრულად აყენებს ღია კენჭისყრაზე თითოეულ საკითხს სხდომის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული რიგითობით და ფორმულირებით. ჯერ კენჭი ეყრება ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება გამატყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით.
თითოეული ნაფიცი მსაჯული გამოხატავს თავის დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას საკითხისადმი, მხარს უჭერს ან პირიქით, უარყოფს მას. ნაფიც მსაჯულს უფლება არა აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განსჯის და იღებს გადაწყვეტილებებს ფაქტების შესახებ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფაქტების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სხდომის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და განმარტებების საფუძველზე.
- ნაფიცმა მსაჯულებმა თითოეულ წარდგენილ ბრალდებაზე უნდა გადაწყვიტონ უდანაშაულობის ან ბრალეულობის საკითხი.
- ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს იღებენ ერთხმად.
- თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 4 საათის განმავლობაში ვერ მოახერხებს გადაწყვეტილებების ერთხმად მიღებას, გადაწყვეტილებები მომდევნო 8 საათის განმავლობაში მიიღება ხმათა შემდეგი უმრავლესობით: თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არანაკლებ 11 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 8 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 10 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 7 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 9 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 6 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 8 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 5 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 7 ან 6 ნაფიცი მსაჯულისაგან შედგება, გადაწყვეტილებები მიიღება 4 ხმით.
ბრალდებულის ნასამართლობა
ვერდიქტის გამოცხადებამდე ნაფიც მსაჯულებს არ უნდა ეცნობოთ ნებისმიერი სხვა მტკიცებულების შესახებ, რომელსაც კავშირი არა აქვს ბრალის დამტკიცებასთან, ასევე, ბრალდებულის ადრინდელი სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ პასუხისგებაში ყოფნის ან ნასამართლობის შესახებ, გარდა შემდეგი გამონაკლისი შემთხვევებისა:
1.თუ ეს არ არის წარდგენილი ბრალდების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანი;
2.გამიზნული არ არის ბრალდებულის ჩვენების სანდოობის შესამოწმებლად.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მხარეს შეუძლია ერთჯერადად საკასაციო წესით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს გამამტყუნებელი განაჩენი, თუ:
ა)სხდომის თავმჯდომარემ მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო;
ბ)სხდომის თავმჯდომარემ მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვისას უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც არსებითად დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი;
გ)სხდომის თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლის წინ განმარტებების მიცემისას არსებითი შეცდომა დაუშვა;
დ) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას მთლიანად ან ნაწილობრივ არ დაეყრდნო ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს;
ე) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევით გამოტანილ ვერდიქტს;
ვ) სასჯელი უკანონოა ან/და აშკარად დაუსაბუთებელია;
ზ) სხდომის თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია.
დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატს.
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.