სტატიები -> საფრთხის შემქმნელი დელიქტები ქართულ სისხლის სამართალში
დაზიანება

21.03.2022

რა არის დანაშაული? ადამიანის რომელი ქმედება იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას? ამ კითხვებზე პასუხს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი იძლევა, რომლის მეშვიდე მუხლის მიხედვით დანაშაული წარმოადგენს სსკ-ით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი ჩვენგანი სიტყვა „დანაშაულს“ უპირველესად გარკვეული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფასთან აკავშირებს და მასში მოაზრებს მკვლელობას, ჯანმრთელობის (ნაკლებად) მძიმე დაზიანებასა და სხვა ქმედებებს. თუმცა საინტერესოა, რამდენად იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ქმედება, რომელიც ზოგადი საშიშროების მატარებელია ან კონკრეტულ საფრთხეს ქმნის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეიძლება საფრთხის შემქმნელი დელიქტების განხილვით.

საფრთხის შემქმნელი დელიქტები

როგორც ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, დელიქტები შესაძლოა იყოს ორი სახის: ხელყოფისა და საფრთხის შემქმნელი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მერვე მუხლი ორივე მათგანს აღიარებს, რამდენადაც განსაზღვრავს შემდეგს: „თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის“. აშკარაა, რომ დანაშაული მხოლოდ ხელყოფის არსებობას არ გულისხმობს და საკმარისად მიიჩნევს საფრთხესაც, რაც ვერ უტოლდება ხელყოფას, თუმცა მაინც წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას.[1]

საფრთხის შემქმნელი დელიქტების ფუნქცია

როგორც იურიდიულ ლიტერატურაში არის აღნიშნული, საფრთხის დელიქტების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის დაცვა მომატებული საფრთხის წყაროებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელთაც მისთვის ზიანის მოტანა შეუძლიათ.[2] მაგ: ავტომობილის მართვა ნარკოტიკული თრობის ქვეშ თავისთავად წარმოადგენს საშიშ ქმედებას, რომელსაც ადამიანის (ქვეითის, სატრანსპორტო მოძრაობის სხვა მონაწილისთვის) ზიანის მოტანა შეუძლია. ამ ქმედების კრიმინალიზაცია კი მიზნად ისახავს სწორედ სამართლებრივი სიკეთეების (სიცოცხლის, ჯანმრთელობის) დაცვას.

საფრთხის შემქმნელი დელიქტების მეორე მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს იმის კომპენსირება, რომ ქართულ სისხლის სამართალში არაპირდაპირი განზრახვით მცდელობა აღიარებული არაა.[3]

ცხადია, კანონმდებელი საფუძველშივე/დასაწყისშივე ცდილობს საშიში ქმედების აკრძალვას, რათა ამით სავალალო შედეგები (სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან სხვა სამართლებრივი სიკეთეების ხელყოფა) თავიდან აიცილოს.

საფრთხის შემქმნელი დელიქტების სახეები

საფრთხის შემქმნელი დელიქტები ერთმანეთისგან იმიჯნება იმის მიხედვით, წარმოშობილი საფრთხე ზოგადი/აბსრტაქტულია თუ კონკრეტულ სამართლებრივ სიკეთეს ემუქრება. მაგ: სსკ-ის 280-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯადად მიიჩნევს ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევას. ამ შემთხვევაში ამ წესების დარღვევა იმთავითვე საშიში ქმედებაა, ზოგადი/აბსტრაქტული საფრთხის მატერებელი, ამიტომ იგი აბსტრაქტული საფრთხის დელიქტს წარმოადგენს. იმავე მუხლის მეორე ნაწილი კი პასუხისმგებლობის საფუძვლად მიიჩნევს ფრენის საერთაშორისო წესის ისეთ დარღვევას, რომელმაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა დასახლებულ პუნქტს. ამ შემთხვევაში საფრთხე მხოლოდ ზოგადი არაა, არამედ იგი კონკრეტულ დასახლებულ პუნქტს ემუქრება და პასუხისმგებლობის გამკაცრების საფუძველიცაა (იმავე მუხლის პირველ ნაწილთან შედარებით).

აქედან გამომდინარე, საფრთხის შემქმნელი დელიქტები ორი სახისაა: აბსტრაქტული და კონკრეტული.

აბსტრაქტული საფრთხის დელიქტები

აბსტრაქტული საფრთხის დელიქტები ზოგადი საფრთხის მატარებელი ქმედებებია და ჩადენილად ითვლება ამ ქმედების განხორციელების მომენტიდან.[4] გამოდის, რომ ის ქმედება, რასაც პირი ახორციელებს, ზოგადი საშიშროებით ხასიათდება და სწორედ ამიტომაა პასუხისმგებლობის საფუძველი. მაგ: სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს ნარკოტიკული თრობის ქვეშ ავტომობილის მართვას. ამ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ ზოგადი/აბსტრაქტული საფრთხის მატარებელი ქმედება (ავტომობილის მართვა თრობის ქვეშ), თუმცა არ გვაქვს არც სიცოცხლის ხელყოფა, არც ვინმესთვის კონკრეტული საფრთხის შექმნა.

აბსტრაქტული საფრთხის დელიქტად უნდა მოიაზრებოდეს სსკ-ის 2231 მუხლი, რომელიც პასუხისმგებლობის საფუძვლად მიიჩნევს, ერთი მხრივ, კანონიერ ქურდობას, მეორე მხრივ კი, ქურდული სამყაროს წევრობას (მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედებები იმთავითვე კონკრეტულ საფრთხეს ან სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას არ იწვევენ).

ასევე აბსტრაქტული საფრთხის დელიქტებია სსკ-ის 128-ე, 129-ე, 130-ე და სხვა მუხლები.[5] ამათგან პირველი გარანტის მიერ დაცვის ქვეშ მყოფის გასაჭირში მიტოვების ფაქტს აცხადებს დასჯადად (მიუხედავად შედეგისა, რამდენადაც მიტოვების ფაქტი თავის მხრივ ზოგადი საფრთხის მატარებელია). 129-ე მუხლი ზნეობრივი და მოქალაქეობრივი ვალის გამოვლინებაა[6] და სავალდებულოდ სულაც არ მიიჩნევს ახლო ურთიერთობას მსხვერპლსა და „მიმტოვებელს“ შორის. 130-ე მუხლის პირველი ნაწილი ერთგვარი გაგრძელებაა 128-ე მუხლის, იმ კუთხით, რომ ორივე შემთხვევაში გარანტორული ვალდებულების არსებობაა აუცილებელი. თუმცა 130-ე მუხლში სახეზეა სპეციალური ამსრულებელი, სპეციალური გარანტი – სამედიცინო მუშაკი.

საბოლოო ჯამში, აბსტრაქტული საფრთხის დელიქტები ისეთ შემთხვევებს მოიცავს, როცა სამართლებრივ სიკეთეს შორეული საფრთხე ექმნება და მზადდება ნიადაგი დანაშაულისთვის/ხელყოფისთვის.[7]

კონკრეტული საფრთხის დელიქტები

კონკრეტული საფრთხის დელიქტების შემთხვევაში ზოგადი საფრთხე კონკრეტდება და იგი სამართლებრივ სიკეთეს უშუალოდ მიემართება. ამის თვალსაჩინო მაგალითია სსკ-ის 127-ე მუხლი. ამ მუხლის მიხედვით დასჯადია იმ პირის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია. მაგ: დედა ახალშობილს ნოემბრის ერთ დილას (გამთენიისას) ქუჩაში გაიყვანს და იქ დატოვებს. ცხადია, ასეთ შემთხვევაში ბავშვის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და მას თავად არ შეუძლია ამ საფრთხის თავიდან არიდება. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცამ ბავშვი გზაში იპოვა და აიყვანა (ანუ სიცოცხლის ხელყოფა სახეზე არაა), ქმედება 127-ე მუხლით დაკვალიფიცირდება, რადგან ჩვილის სიცოცხლეს კონკრეტული საფრთხე შეექმნა.[8]

ასევე საყურადღებოა ზემოთ უკვე განხილული სსკ-ის 280-ე მუხლის მეორე ნაწილიც, რომელიც დასჯადად აცხადებს საერთაშორისო ფრენის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია დასახლებული პუნქტისთვის სერიოზული საფრთხე. ამ შემთხვევაშიც აშკარაა, რომ ქმედება მხოლოდ აბსტრაქტულ საფრთხეს კი არ ატარებს, არამედ დასახლებულ უბანს „ემუქრება“.

საბოლოოდ აღსანიშნავია ის, რომ კონკრეტული საფრთხის არსებობა ამ დელიქტებს ხელყოფის დელიქტებთან აახლოებს. თუმცა ერთ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგი უშუალოდ ხლეყოფაა (Verletzungserfolg), მეორეში კი – საფრთხე (Gefährdungserfolg).[9]

მატერიალური და ფორმალური დანაშაულების მიმართება კონკრეტულ და აბსტრაქტულ საფრთხის დელიქტებთან

მატერიალური (შედეგიანი) დანაშაულები ფორმალური (შედეგგარეშე) დანაშაულებისგან ქმედების შემადგენლობით განსხვავდება. პირველ შემთხვევაში ქმედება სამ ელემენტს მოიცავს: 1) ქმედებას, 2) შედეგს, 3) მიზეზობრივ კავშირს (ყურადღება არ გამახვილდება ობიექტურ შერაცხვაზე). ფორმალური დანაშაული კი მხოლოდ ქმედების არსებობით შემოიფარგლება.

კონკრეტული საფრთხის დელიქტები მატერიალურ დანაშაულებს მიეკუთვნება.[10] ამის საფუძველია ის, რომ ქმედებას მოჰყვება მართლსაწინააღმდეგო შედეგი (კონკრეტული საფრთხე) და აუცილებელია მათ შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენაც. ხოლო აბსტრაქტული საფრთხის დელიქტების შემთხვევაში კი საფრთხის აბსტრაქტულობა გამორიცხავს შედეგის არსებობასა და მიზეზობრივი კავშირის დადგენის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, აბსტრაქტული საფრთხის დელიქტები ფორმალურ დანაშაულებს მიეკუთვნება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სისხლისსაართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია არა მხოლოდ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, არამედ ხელყოფის საფრთხის შექმნა. მომეტებული საფრთხის წყაროების ზრდა მომავალშიც გამოიწვევს საფრთხის დელიქტების მნიშვნელობის გაზრდას, რამდენადაც მათუ ფუნქცია სწორედ ამგვარი წყაროებისგან მომდინარე საფრთხის აცილებაა. კანონმდებელი კი დასაყისშივე (სამართლიანად) ცდილობს საფრთხის აღკვეთას საშიში ქმედებების კრიმინალიზაციით

 

გამოყენებული ლიტერატურა

  • თ. ცქიტიშვილი, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნელი დელიქტები, თბილისი, 2014 წელი
  • მჭედლიშვილი-ჰედრიხი, სისხლის სამართალი ზოგადი ნაწილი 1, თბილისი, 2014 წელი
  • ავტორთა კოლექტივი, სისხლის სამართლის კერძო ნაწილი 1, თბილისი, 2019 წელი
  • გ. გამხიტაშვილი, განზრახვა და გაუფრთხილებლობა საფრთხის დელიქტებში, თბილისი, 2019 წელი
  • თ. წერეთელი, სისხლის სამართლის პრობლემები, მე-4 ტომი, თბილისი, 2010 წელი

დამატებითი კონსულტაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატს.

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.