ახალი ამბები -> ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის (სუბუტექსი) მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ახლებურად განისაზღვრება
ხაჭაპურიძე და პარტნიორები

24.02.2022

ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის (სუბუტექსი) მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ახლებურად განისაზღვრება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონის №2 დანართში შედის, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მოამზადა.

მოქმედი კანონმდებლობით, ბუპრენორფინის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად: 0,0012გრ.; 0,012გრ. და 0,12 გრ.

როგორც კომიტეტი განმარტავს, საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ბუპრენორფინით ჩანაცვლებითი თერაპიის დროს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მისი საშუალო დღიური დოზაა 5-8 მილიგრამი (ჯანმოს მიერ ჩანაცვლებითი თერაპიისთვის რეკომენდებულია არანაკლებ 8 მგ-ისა). 

ამ მონაცემზე დაყრდნობით, ბუპრენორფინის ახალი ოდენობები განისაზღვრა შემდეგნაირად – 0.005, 0.05, 5მგ.

ამასთან, კანონის მიღებამ შესაძლოა გააუქმოს ან შეამსუბუქოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა პირებისთვის, ვისაც მსჯავრი დაედო. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ბუპრენორფინის (სუბუტექსი) მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, ხოლო კანონის მიღების შედეგად შეიძლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვალოს. შესაბამისად, აღნიშნული ქმედების ჩამდენ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრებათ ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

“ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტის ბიურო უკვე გაიარა.  

ავტორი: IPN